Thursday, February 25, 2016

საქართველოში დროშები დაშვებულია - ანანიაშვილი მოსკოვში ცეკვავს

ნინო ანანიაშვილი მოსკოვშია. ქართველი პრიმა ბალერინა თავისი პედაგოგის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს 25 თებერვალს იმართება. კონცერტის რეჟისორიც თავად ნინო ანანიაშვილია, მოსკოვში იმყოფება თბილისის საბალეტო დასის ერთი ნაწილიც.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95 წლისთავზე, ქართველი პრიმაბალერინას ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლმა ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მაშინ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მრავალჯერადად განახორციელა და ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს, 25 თებერვალს, როცა ქვეყანა რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირ იუნკერებს გლოვობს, რუსეთში კონცერტების გამართვა ქართველი ხელოვანისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ხიდაშელი პროკურატურას საგარეჯოს არჩევნების საქმის დაჩქარებული წესით გამოძიებისკენ მოუწოდებს

საგარეჯოს არჩევნების საქმეზე ძიების დაწყებას თავად თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. თინათინ ხიდაშელი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაჩქარებული წესით მოხდეს ამ საქმის გამოძიება. ხიდაშელის თქმით მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს:
„ეს არის ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკის საწინააღმდეგო ბინძური კამპანია, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა და დარწმუნებული ვარ უფრო სამარცხვინო კამპანიის მომსწრეებიც გავხდებით შემდეგ თვეებში, წინასაარჩევნო პერიოდში . მინდა მოვუწოდო პროკურატურას რომ რაც შეიძლება ფორსირებულად და ეფექტურად იმუშაოს, თუ რამე კითხვები არსებობს გასცენ ამ ადამიანებს პასუხი. არავითარი ილუზია არ მაქვს რომ მათ სინამდვილეში სიმართლე აინტერესებთ, მაგრამ ჩვენ ქვეყანა ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ეს ბინძური კამპანია დასრულდეს.“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სასტიკი მკვლელობა ჭიათურაში - ყელგამოჭრილი ქალი ძმამ ოთახში იპოვა

სასტიკი მკვლელობა მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდაეთში მოკლული ქალის ცხედარი ძმამ ოთახში დაბმული იპოვა. გარდაცვლილს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ქალბატონს ზეწარი კისერზე ჰქონდა შემოხვეული. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა ყვება, რომ უკვე სახლებიდან გარეთ გასვლის ეშინია.
„ნაწამებია, მხეცის გაკეთებულია, ეს ადამიანის გაკეთებული არ არის. არ ვიცი დედის ნაშობმა შვილმა როგორ აწამა ასე,“-განაცხადა მოკლული ქალის მეზობელმა.
მკვლელობის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 108 -ე განზრახ მკვლელობის მუხლით. შს სამინისტრო ,,ნიუპოსტთან" ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახიდან ფული არ არის წაღებული. თანხა სამართალდამცავებს, სახლის დათვალიერების შემდეგ, ადგილზე დახვდათ.

მოსამართლეთა სკანდალურ ტესტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს"- აღნიშნულია შოთაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.